"ელექტოროშოკების საქმეზე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ჩვენების მისაცემად ირაკლი კობახიძის სიის კიდევ 7 წევრი დაიბარეს. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლემა გამოძიების კითხვებს არ უპასუხეს და თქვეს, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში მისცემენ.
"ეს უწყება არის "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახური და არა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური, ვინაიდან ერთი მოქალაქის ბოდვაზე დაწყებული საქმე, რომელიც მიზნად ისახავს, დააშინონ გაერთიანებული ოპოზიციის და ქართველი ხალხის მხარეს მდგარი პირები, არის ერთი კონკრეტული პიროვნების დაკვეთა," - ამბობს ერთ-ერთი დამკვირვებელი.
როგორც დაკითხვაზე დაბარებული პირები ამბობენ, ისინი 31 ოქტომბერს სხვადასხვა რეგიონში არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ და რევოლუციურ სცენართან საერთო არ ჰქონიათ.
"მე თვითონ არ ვიცი, რატომ ვარ აქ დაბარებული. უბრალოდ, ჩემმა ადვოკატმა გადაწყვიტა, რომ თუ რამე შეკითხვა ექნებათ კობახიძის და "ოცნების" უსაფრთხოების სამსახურს, მე გავცემ პასუხს მოსამართლესთან ერთად. მე დაკვირვებას ვაწარმოებდი უბნებზე, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარებულიყო", - ამბობს დამკვირვებელი.
სუს-ში დაბარებული პირების ადვოკატები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან აბსურდული ბრალდებით გამოძიების დაწყება პოლიტიკურად მოტივირებულია და იმ ადამიანების დაშინებას ემსახურება, ვინც არჩევნების გაყალბების მასშტაბურობაზე საუბრობს.
"ირაკლი კობახიძის ფანტაზიების ხარჯზე დაწყებულია ოკესტრირებული შეტევა დამკვირვებლების მიმართს და "ქართული ოცნება" აწარმოებს იმ პირების დევნას, ვინც საარჩევნო პროცესებში ჩართული იყვნენ მოქალაქეების ხმების დასაცავად. გამოძიების პირველ ეტაპზე, მოწმეებს უსვამენ კითხვას მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიის შესახებ. ამაზე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი საქმე წარმოუდგენელია", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება სუს-მა 1 ოქტომბერს დაიწყო, ირაკლი კობახიძემ კი, საქმე 30 ოქტომბერს გაახმაურა.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა სახემ, ირაკლი კობახიძემ, ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა.