"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის იბრძვიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, მხოლოდ საკუთარი პრივილეგიები, სკამები და შემოსავლები აინტერესებთ.
"დღეს აქ დგას, როგორც არასდროს, გაერთიანებული ბევრი პარტია. დღეს აქ დგას გაერთიანებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველოსთან ერთად", - ამბობს დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების გზით, ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს.
"ივანიშვილისთვის, "ქართული ოცნებისთვის", ჟვანიასთვის თქვენ ხართ რიცხვები. რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს. 1=3, 4=9, აი ეს ხართ თქვენ "ქართული ოცნებისთვის", მთელი ქართველი ხალხი. მაგრამ 1≠3, 4≠9 და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და "ქართულ ოცნებას", - თქვა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც აქციაში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვიტავთ.
"ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, საიდანაც თურქეთში და პოლონეთში მოუწევთ პლანტაციაში და მაღაროში გაქცევა სამუშაოდ, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც მომავლის იმედი არ ექნებათ და ხელს ჩაიქნევენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ ღირსო", - თქვა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.