საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმების გადათვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პროცესი გრძელდება, არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარე კი, საარჩევნო კომისიების მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი.
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ჩართულ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება და შეგნებულად ხელს უშლის საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში"- ვკითხულობთ განცხადებაში.
"ცესკო" სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასეთი შემთხვევების დაფიქსირებას სთხოვს, არჩევნებში ჩართულ უფლებამოსილ პირებს კი, კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოპოზიციის 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო დავების განხილვას სასამართლოში აგრძელებენ. საარჩევნო დარღვევებზე სარჩელით სასამართლოს გუშინ "ენმ"-მა და "ევროპულმა საქართველომაც" მიმართა.