"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" (გაერო) განმარტებით, წყლის ჭავლის გამოყენება მხოლოდ მასობრივი ძალადობის და საზოგადოებრივი უწესრიგობის შემთხვევაში შეიძლება.
"წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სერიოზული საზოგადობრივი არეულობის პირობებში, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნები, წყალსატყორცნი უნდა განთავსდეს სიფრთხილით და მისი მართვა მოხდეს მკაცრი ბრძანებისა და ზედა რგოლის კონტროლის ქვეშ".
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) განმარტებითაც, "წყლის ჭავლი არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად."
მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:
- შეკრების მონაწილეებს მისცემენ გაფრთხილებას;
- უნდა არსებობდეს ადექვატური დაშლის ან გასვლის მარშრუტები, რათა ხალხმა შეძლოს უსაფრთხოდ აარიდოს თავი წყლის ჭავლს;
- წყლის ჭავლები მეტად შეეფერება სტატიკურ შეკრებებს, ვიდრე მოძრავ მსვლელობებს;
- წყლის ჭავლის გამოყენების დროს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო დამხარება;
- წყლის ჭავლის გამოყენების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ არსებობს მოლიპულ ზედაპირზე მაღალი ზნევის შედეგად ხალხის დაცემისა და დაშავების რისკი.
- წყლის ჭავლი არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც შენობებთან ახლოს იმყოფებიან.
წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ, განცხადება გაავრცელა "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც (EMC).
"პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში. საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად, ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი ან წყლის ჭავლი, რომლებიც ზიანის მიყენების მაღალ საფრთხეებს წარმოშობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის შეკავება."
შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.
შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.
მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კონსიტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ წყლის ჭავლი უსაფუძლოდ იქნა გამოყენებული, რადგან აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას.