ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა - EMC

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია მასობრივი აქციების რეპრესიული დაშლის გამოცდილებას ქმნის, რაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს არსებითად აზიანებს. ამასთან, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობისა და შეკრების თავისუფლებას. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ცრემლსადენი გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება მხოლოდ მაშინაა დაშვებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის შეკავება სხვა საშუალებებით ვერ მოხერხდა.

"ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, EMC-ის განცხადების მიხედვით, პოლიტიკურ კრიზისებზე ხელისუფლების მხრიდან ამგვარი რეაგირება საზოგადოებაში უნდობლობას, ნიჰილიზმსა და პოლარიზებას აღრმავებს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. 

შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კონსიტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ წყლის ჭავლი უსაფუძლოდ იქნა გამოყენებული, რადგან აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, რომელიც ამბობს, რომ  "როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი