8 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დარბევას, საერთაშორისო მედია გამოეხმაურა.

„პოლიციამ, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, წყლის ჭავლი მიუშვირა მოქალაქეთა ჯგუფებს, რომლებიც წინა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ“–  წერს BBC.

BBC–ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის დაარსებულმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც 2012 წლიდან, სრული ორი ვადით ხელისუფლებაშია, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმების 48%–ით, კვლავ ხელისუფლების ფორმირების უფლება მოიპოვა.

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დაარსდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მიერ და მართავს ქვეყანას 2012 წლიდან, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმების 48%–ით, ქვეყნის შემდგომი მთავრობის ფორმირების უფლება მოიპოვა“ – წერს, BBC.

ამავე სტატიაში, ნათქვამია, რომ ათასობით მოქალაქე თბილისში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მოითხოვს, როგორც მთავრობის, ისე საარჩევნო კომისიის გადადგომას. სტატიაში ასევე წერია, რომ  „ქართული ოცნება“ გაყალბებას არ აღიარებს.

გუშინდელ აქციას ეხმაურება ფრანგული Le Monde’–იც: „საქართველოში მნიშვნელოვანი დემონსტრაციები, ახალი მმართველობის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება. მილიარდერის პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს“– ვკითხულობთ, ცნობილ ფრანგულ გამოცემაში.

„ათი ათასობით ოპოზიციის მომხრე საქართველოს ქუჩებში კვირას, 8 ნოემბერს გამოვიდა, თბილისის მთავარი მოედანი საქართველოს დროშების ზღვად გადაიქცა, როცა 45000 მომიტიგნე პარლამენტის გარშემო, არჩევნების გასაპროტესტებლად, COVID-19–ის საწინააღმდეგო ნიღბებით შეიკრიბა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, მმართველი პარტიის ლიდერმა „ირაკლი კობახიძემ“ კი თქვა, რომ არაკანონიერი აქციის ლიდერები, როგორც კრიმინალები, მალე ციხეში ჩაჯდებოდნენ.“ – ასე აღწერს ფრანგული გამოცემა საქართველოს გუშინდელ მოვლენებს.

ფრანგული „Le Monde“ წერს იმასაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, რამაც ქვეყანაში, რომელშიც არჩევნების შედეგები ხშირად დემონსტრაციებს იწვევს ხოლმე, პოლიტიკური კრიზისის შიში გააჩინა.

ფრანგული გამოცემა - რამდენიმე დღის წინ ასევე წერდა, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისის მიჯნაზეა.

„ათი ათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი, თბილისში პარლამენტის წინ შეიკრიბა, რათა პოსტ–საბჭოთა ქვეყანაში გასულ თვეში ჩატარებული სადავო არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტებს პოლიცია დაუპირისპირდა. საქართველოში მმართველი პარტია გამარჯვებას ამტკიცებს, ოპოზიცია კი შედეგებს არ ღებულობს. ოპოზიციის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილს, „ცესკოს“ უფროსის თამარ ჟვანიას გადასაყენებლად ვადა დაუწესეს.“წერს გუშინდელ მოვლენებზე გერმანული გამოცემა – deutsche welle.

8 ნოემბრის თბილისის მოვლენებზე წერს – EURACTIV.

„პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ დაარღვია პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტი, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით, მოქალაქეთა გაუფრთხილებლად, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბლოკადით დაიმუქრნენ. წყლის ჭავლი იყო განზრახ მიმართული, ჟურნალისტების მიმართაც, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ, თვალი დაუზიანდა ოპერატორსაც.“ – წერს EURACTIV.

EURACTIV–ის სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე გაყალბებების და მრავალჯერადი ხმის მიცემის შემთხვევები დააფიქსირეს, საერთაშორისო გამოხმაურებებით კი არჩევნები – შორს იყო სრულყოფილებისაგან.

ამავე სტატიაში, საუბარია „ვარდების რევოლუციაზეც“ და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზეც.

„საქართველო დასავლეთისთვის ძვირფასი მას შემდეგ გახდა, რაც 2003 წელს, მშვიდობიანი ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა რეფორმებით, რომელიც ებრძოდა კორუფციას და ააყვავა დემოკრატია... 2012 წლიდან ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, რომელმაც ეკონომიკური სტაგნაცია შექმნა და ქვეყანა დემოკრატიის კუთხით უკან წასწია. კრიტიკოსები ქვეყნის ყველაზე მდიდარ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი კერძო ინტერესებით ხელისუფლების მართვაში, პოლიტიკოსების დევნასა და კორუფციული სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ“. – წერს EURACTIV.

8 ნოემბრის აქციაზე, RadioFreeEurope”–იც წერს: ადამიანის უფლებათა დამცველებმა, პოლიციელებს მოუწოდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოეყენებინათ, თუმცა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია ამას იმით ამართლებდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაზე შტურმს გეგმავდა.

ბრიტანული REUTERS  კი წერს, რომ დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც დედაქალაქის მთავარი გამზირიდან, რუსთაველიდან დაიძრა, შემდგომ კი საარჩევნო ადმინისტრაციის ოფისთან პოლიციამ დაშალა, ათასობით მშვიდობიანი ადამიანისგან შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 ნოემბერს, თბილისში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები პოლიციამ, გაუფრთხილებლად, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე მოქალაქეს დაუზიანდა თვალი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი