შსს დააჯარიმებს ყველას, ვინც მთავრობის დაწესებული შეზღუდვები დაარღვია და საღამოს 22 საათის შემდეგ, ქუჩაში დარჩა.
გომელაურის უწყების ინფორმაციით, ფიზიკური პირები 2 000, ხოლო იურიდიული - 10 000 ლარით დაჯარიმდებიან:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, 9 ნოემბრის 22 საათიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 7 ქალაქში საღამოს ათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აიკრძალა.
შეზღუდვას არ დაემორჩილნენ რუსთაველის გამზირზე, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. ახალგაზრდულმა მოძრაობებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ამ დრომდე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები.