ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 941 საჩივრიდან 1 027 არ განიხილეს. ამის მიზეზად ცეკსო პროცედურების დარღვევასა და სამართლებრივ შეუსაბამობას ასახელებს. ამის შესახებ, "ცესკოს" წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შემოვიდა დაახლოებით 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 564, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა, საოლქო საარჩევნო კომისიებში, პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმოდგენილი საჩივრებიდან 126", – ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.
ცესკოში ასევე ამბობენ, რომ საარჩევნო შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, პარტიების სახელით, არაუფლებამოსილი პირები ითხოვდნენ. ასევე, ცესკოს თქმით, შემაჯამებელი ოქმებიდან განსხვავებული აზრი, წარმოდგენილი იყო განხილული ოქმებიდან მხოლოდ 4 შემთხვევაში და მცირე გამონაკლისების გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.
ცესკოს ცნობით, მათ ხელახლა გადაითვალეს 39 საარჩევნო უბნის შედეგები. აქედან 6 თავიანთი ინიციატივით, 14 საჩივრის საფუძველზე, 19 კი სასამართლოს მოთხოვნით. ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500–მდე ამომრჩეველს. ცესკოს თქმით, უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები უცვლელი დარჩა, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვენ. ცესკოს შენობასთან არჩევნების გასაპროტესტებლად მისული მშვიდობიანი მოქალაქეები პოლიციამ, გაუფრთხილებლად წყლის ჭავლით დაარბია.
უბნების გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, ოპოზიციის გარდა, ითხოვდა არასამთავრობო სექტორიც. საზოგადოების შეფასება, რომ არჩევნები გაყალბდა იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.