"ცესკოს" თავმჯდომარესთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საარჩევო დარღვევებისა და გაყალბებული შემაჯამებელი ოქმების შესახებ ისაუბრეს. მათ საილუსტრაციოდ თამარ ჟვანიას რამდენიმე ოქმიც წარუდგინეს, სადაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა და ბიულეტენების რაოდენობებს შორის დისბალანსია.
"ჩვენ ამ წუთში 120-მდე საჩივარი გვაქვს, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნილია სწორედ უბნების გადათვლა ან შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა", - თქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
გარდა ამისა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის ეჭვს აჩენს ოქმებზე ერთი და იმავე ადამიანის განსხვავებული ხელმოწერაც.
"შესწორების ოქმზე, ერთი და იგივე ადამიანს, ჩვენი შეფასებით, სხვა ხელმოწერა ჰქონდა, ვიდრე თავად შემაჯამებელ ოქმზე", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი.
თამარ ჟვანია ოპოზიციას ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები მის წინააღმდეგ კამპანიას მიზანმიმართულად აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისულ აქტივისტებს და მოქალაქეებს რკინის ჯებირი დახვდათ აღმართული. ამ რკინის ჯებირს, აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამდნენ, რათა ხმა თამარ ჟვანიასთვის ხმა მიეწვდინათ.
"ცესკოს" გაყალბებული ოქმები (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ერთი და იგივე ოქმის 2 ფოტო - "ცესკომ" რიცხვები გადააკეთა.