გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს თამარ ჟვანიამ გაუფორმა, საზოგადოებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისტორიული არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ადამიანები, რომლებმაც ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას ჯერ საარჩევნო ყუთებთან უთხრეს უარი, ახლა საპროტესტოდ ქუჩაში გავიდნენ.
პროტესტს ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციებიც უერთდებიან და ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლებამ, "ცესკოს" დახმარებით, ხალხს თავისუფალი არჩევნები წაართვა.
საზოგადოების მოთხოვნებს უერთდებიან ემიგრანტებიც. სწორედ ქართული ემიგრაცია აღმოჩნდა ის, ვინც მმართველ გუნდს მხარი ყველაზე ნაკლებად დაუჭირა. საზღვარგარეთ გახსნილი 52 საარჩევნო უბნიდან 34-ში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა.
დღეს მმართველი გუნდის ყველა ოპონენტი, მათი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, შეთანხმდა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".
ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა დასავლელი პარტნიორებისთვის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვება და არჩევნების არალეგიტიმურობაში მათი დარწმუნებაა. ხელისუფლების ოპონენტები დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადასცეს ის ვიდეო და ფოტომასალა, სადაც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების ფაქტებია ასახული.