გუშინ, პარლამენტის წინ აქციის დროს გამოწერილ ჯარიმებს არაკონსტიტუციურად, ასევე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების საწინააღმდეგოდ აფასებენ კონსტიტუცინალისტები.
მათი თქმით, მიღებული შეზღუდვები, პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე, მხოლოდ მთავრობის დადგენილებით, ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება და რადგან თავად შეზღუდვებია არაკანონიერი, ვერც ჯარიმები ჩაითვლება კანონიერად.
"ეს შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებაც მიეცა მთავრობას და დელეგირება მოხდა მთავრობაზე, იყო თავისთავად მიღებული არასწორად, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ადამიანის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია საკანონმდებლო აქტების მიხედვით და მთავრობა თავისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ასევე, ადამიანის უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია საგანგებო–საომარი ვითარების დროს და განსაზღვრულია ის პროცედურა, თუ როგორ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეზღუდვები არ არის კონსტიტუციური და გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებულია მასთან თანმდევად არ არის კონსტიტუციური", – ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.
გარდა ამისა, პოლიციამ მოქალაქეებს გადაადგილების ერთჯერადი საშვების ქონის მიუხედავად, ჯარიმები მაინც გამოუწერა. ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომელიც TV-პირველის საშვის ქონის გაუთვალისწინებლად, პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა, მის გასაჩივრებას აპირებს და ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს.
"ჩვენ მივედით რუსთაველზე ტელეკომპანიის ავტომობილით, მათი საშვებით. გადაცემის დამთავრების შემდეგ გაგვაჩერეს, იქ შეამოწმეს ჩვენი საშვები და აღმოჩნდა, რომ საშვში არ იყო მითითებული გეოგრაფია, სად არის სტუდია და სადამდე ვრცელდება ჩვენი გადაადგილების არეალი, ეს არის უბრალოდ, ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვართ აქ კანონის დამდგენები და როგორც გვინდა ისე მოვიქცევით, არ ვაპირებთ გადახდას და რა თქმა უნდა გასაჩივრდება," – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
ცნობისთვის, გამოწერილი ჯარიმების უმეტესობაში, დაჯარიმების საფუძვლად კომენდანტის საათის დარღვევაა მითითებული, თუმცა ქვეყანაში კომენდანტის საათი ოფიციალურად არ არის დაწესებული.
კონსტიტუციონალისტების გარდა, უკანონოდ აფასებენ გადაადგილების შეზღუდვის გამო დაწერილ ჯარიმებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც.
დაჯარიმებულებს შორისაა "ენმ"-ის ერთერთი ლიდერიც, ხატია დეკანოიძე.
გუშინვე, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, აქციის მონაწილე აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი 2000 ლარით დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში, 22:00 - 05:00 დროის პერიოდში გადაადგილება აკრძალულია.