გადაადგილების შეზღუდვა უკანონოა და მიმართულია მოქალაქეთა პროტესტის წინააღმდეგ – NGO–ები და ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გადაადგილების შეზღუდვას არაკანონიერად ცნობს და მას მოქალაქეთა პროტესტის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. 

"უკანონობა იყო ამ შეზღუდვების შემოღება, გასაგებია რისთვისაც დაწესდა, რომ რაც შეიძლება შეზღუდონ ის ხმამაღალი პროტესტი, რომელიც დღეს ისმის მთელ საქართველოში. რაც შეეხება ჯარიმებს, მითუმეტეს არაკონსტიტუციურია, რადგან ამით ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, ეს ხალხი არსად არ გადაადგილდებოდა, ეს ხალხი იდგა რუსთაველის გამზირზე და დგომის აკრძალვა არ არის იმ კანონში," – ამბობს ენმ–ს ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი

გადაადგილების შეზღუდვას არაკანონიერად მიიჩნევს "ევროპული საქართველოც".

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის და კობახიძეების ხუშტურზე გამოცხადებული შეზღუდვა და შესაბამისად, ის რაც არ არის კანონიერი, ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად, ეს არის ქმედება ინსტიტუტის, რომლის მიზანიც არის ერთადერთი – დაიცვას ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს და ეს აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი, დღეს თუ არა ხვალ პოლიციელებმა უნდა აგონ პასუხი," – ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი.

გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს, გადაადგილებაზე შეზღუდვას "ლელოც": "ჩვენ დღესვე მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დარწმუნებულები ვართ, ამ დავას ჩვენ მოვიგებთ" – ამბობს "ლელოს" წევრი ლანა გალდავა.

მესამე სექტორის აზრით, გადაადგილების შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია და COVID-19–ის პანდემიასთან ბრძოლის ნაცვლად, საპორტესტო ტალღის ჩახშობა ემსახურება. არასამთავრობოების წარმომადგენლები დაჯარიმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯარიმები გაასაჩივრონ.

"გაუგებარი იყო, კომენდანტის საათის შემოღება, გასაგებია, რომ ვირუსის სერიოზული საფრთხე არის, მაგრამ ამ დროს ღამის საათებში რამდენად ეფექტური იქნება ეს ზომა და რამდენად გამართლებულია, კიდევ ცალკე კითხვის ნიშნები არსებობს, იმიტომ რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან, როდესაც მოსახლეობა გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს ჩატარებულ არჩევნებს, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს შეიძლება იყოს მიმართული სწორედ ამ პროტესტის წინააღმდეგ, იმისთვის რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს. მოქალაქეებმა ვისაც ეს ჯარიმა დაეკისრათ, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს, მოვუწოდებ მათ სამართლებრივად იდავონ და დაიცვან თავიანთი უფლებები." – ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, აქციის მონაწილე აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი 2000 ლარით დააჯარიმეს.

ცნობისთვის, დაჯარიმებულებს შორისაა "ენმ"-ის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. 

9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში, 22:00 - 05:00 დროის პერიოდში გადაადგილება აკრძალულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი