"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია – ნუგზარ წიკლაური

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, რომ პარტია უერთდება ოპოზიციის საერთო განცხადებას და ისინი არც პარლამენტში შესვლას და არც მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

"ჩვენი პარტიის პოზიცია არის უცვლელი, ეს გახლავთ ის რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა 31 ოქტომბერს არ იყო არჩევნები, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვცნობთ და სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა არ იქნება ამ პარლამენტში, არ მიიღებს მონაწილეობას არც მეორე ტურებში და როგორც ერთადერთი ფორმა, რაც დაგვიტოვა ოლიგარქმა პოლიტიკური ბრძოლებისათვის, ჩვენ არჩეული გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის საჯარო პროტესტის გზა, ეს არის კანონიერი გზა, კონსტიტუციური გზა და ამავე დროს ეს იქნება ძალიან პრინციპული, გამარჯვებამდე მივალთ სწორედ ამ გზით, და მთელი ყურადღება პარტიის არის გადატანილი რომ ეს პროტესტი იყოს მასობრივი და არჩევნები არ შევარჩინოთ ოლიგარქს", – თქვა ენმ–ს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვაშაძის მეორე განცხადება, ფანტავს პირველი განცხადების ბუნდოვანებებს და აბსოლუტურ თანხვედრაშია "ნაციონალური მოძრაობის" ხედვასთან.

ნუგზარ წიკლაური ადასტურებს ხატია დეკანოიძის ნათქვამსაც, რომ ენმ–ს არცერთმა წევრმა არ იცოდა გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა. 

მას შემდეგ, რაც განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ვაშაძემ დამატებით განმარტა, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას პოლიტიკური კომპონენტიც უნდა დაემატოს - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და მზად არიან გრძელვადიანი პროტესტი განაგრძონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი