ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პომპეოს ვიზიტი გაყალბებულ არჩევნებსა და ქვეყნის კრიზისსაც შეეხება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის სახემწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი 31 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხება. 

"როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი რანგის დიპლომატი ჩადის, მას ექნება კონკრეტული გზავნილები, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ბუნებრივია, ის განიხილავს 31 ოქტომბრის არჩევნებს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

გარდა არჩევნებისა საკითხისა, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და მასში საქართველოს როლის განსახილველად. 

"პომპეოს ვიზიტის ერთერთი კონტექსტი იქნება რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება და რომ ამ ვითარებას საქართველო უნდა იყენებდეს, მაგრამ არ იყენებს ნატოში გაწევრიანების საკითხის დასაძრავად", - ამბობს "ევროპული საქართველოს" მდივანი, გიორგი კანდელაკი. 

ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ილია მეორეს შეხვდება, თუმცა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ პომპეო ხელისუფლების ოპონენტებსაც მოინახულებს. 

"იმედი მაქვს, ოპოზიციასაც გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა. ჩვენ ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემესა და არჩევნების გაყალბებაზე", - ამბობს ვაშაძე. 

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, დღევანდელ ბრიფინგზე პომპეოს ჩამოსვლის მიზნები განგვიმარტა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და რეგიონულ სტაბილურობას. 

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი