მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება გააპროტესტეს.
მათი თქმით, კომისიამ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები არ გაითვალისწინა და ხელი ყალბ მონაცემებს მოაწერა. მოქალაქეები გაყალბებების მთავარი შემოქმედის, საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გადადგომას ითხოვდნენ.
"ეს არის საჩივრების განხილვის ბოლო სხდომა და ყველამ ვიცით, რომ ეს სხდომაც ფორმალურია. მოვითხოვთ, გადადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერი, ფუად გახრამანოვი.
შეგახსენებთ, რომ ჯამში ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 027 საჩივარი არ განიხილა.
საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელიც, თამარ კორძაია და ამბობს რომ "დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია".