
სომხეთის მოსახლეობა ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების მტრისთვის გადაცემაში ადანაშაულებს, სახელმწიფოს ღალატს ედავება და მის გასამართლებას მოითხოვს, რაზეც სომხეთის პრემიერი პასუხობს, რომ მან ტერიტორიები გადაარჩინა.
"სტეპანეკერტის დაკარგვის საშიშორების წინაშე ვიდექი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის შეფასებით, სტეპანეკერტის აღების შემთხვევაში ყველაფერს დავკარგავდით, ამ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, ყველაზე დიდი ბრალი, რასაც მე მიყენებენ ცნობილი დოკუმენტია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამი რეგიონის, აღდამის, ლაჩინისა და ქელბაჯარის გადაცემაზე დავთანხმდი, ეს გადაცემას კი არა ამ რეგიონების გადარჩენას ნიშნავს, ამ დოკუმენტის დახმარებით, მივიღეთ ის, რასაც სამხედრო ძალებით ვერ შევინარჩუნებდით." – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.
ცნობისთვის, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მოქალაქეთა პროტესტი ამ დრომდე მიმდინარეობს. დაპირისპირება მოხდა პარლამენტის შენობასთან, სადაც პოლიციამ მომიტინგეებს შენობაში შეჭრის საშუალება არ მისცა, დაკავებულია 130–ზე მეტი მომიტინგე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
რუსეთმა მთიან ყარაბაღში "სამშვიდობოების" გაგზავნა უკვე დაიწყო.