
თურქი სამშვიდობო ჯარები ყარაბაღის ტერიტორიაზე არ შევლენ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საუბრობს. მისი თქმით, თურქი ჯარისკაცები სასაზღვრო ზოლთან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იდგებიან და ვითარებას მონიტორინგს იქიდან გაუწევენ.
"ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი არცახის რაიონში იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი გუშინ მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ცენტრი მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, დრონებსაც, გამოიყენებს და უზრუნველყოფს, რომ მხარეებმა შეთანხმებული სასაზღვრო ზოლი არ გადმოკვეთონ და ცეცხლის შეწყვეტის პირობები შეინარჩუნონ. ასე რომ, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები მხოლოდ იმ ტერიტორიებით შემოიფარგლება, რომლებიც აზერბაიჯანში მდებარეობს, ყარაბაღის ტერიტორიასთან მათ შეხება არ ექნებათ", - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტიც გაიხსენა და თქვა, რომ მისი თითოეული პუნქტი ზედმიწევნით შესრულდება. დოკუმენტში კი, თურქი "სამშვიდობო ჯარები" ნახსენები არც არის.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 9 ნოემბრის ღამეს მოაწერა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუქნტის მიხედვით, რუსეთი ყარაბაღში ახალ ბაზას ქმნის და ე.წ. "სამშვიდობოებს" აყენებს.