"ცესკოში" მიმდინარე შემაჯამებელი სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. თამარ ჟვანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მეორე ტური დანიშნა. ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტური ქვეყანაში 21 ნოემბერს ჩატარდება.
ოპოზიციის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის მიზეზად თამარ ჟვანიამ მტკიცებულებების არასაკმარისობა დაასახელა.
სხდომა დატოვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმაც, რომელმაც თქვა, რომ შეხვედრა ფორმალური იყო და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საჩივრებს არავინ ისმენდა.
"ცესკოს" თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას, ოცნების მონას, საერთოდ არანაირი იურისდიქცია არ აქვს იმის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად სცნოს. მთავარი არის მისთვის, რომ რასაც უბრძანებს ოცნება... იმიტომ ჰყავდა არაკომპეტენტურად ჩასმული ისეთი კომისიის თავმჯდომარეები, რომლებმაც ბალანსი ვერ დასვეს. პროტესტის ნიშნად, დავტოვე დარბაზი, რადგან მათ განხილულ არანაირ საჩივარს აზრი არ აქვს, ლეგიტიმაცია არ მიეცემა. იმის გამო, რომ რაც ოცნებას სურს და რაც თამარ ჟვანიას სურს, ისე განხორციელდება ყველაფერი იმიტომ, რომ ესენი არიან მონები და სათავეში გვყავს უზურპატორი, რუსეთის მონა, ბიძინა ივანიშვილი", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებდა.
სხდომა ხმაურით დაიწყო."ცესკოს" თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებმა ხათუნა გოგორიშვილის გაძევება გადაწყვიტეს, რომელსაც აინტერესებდა, "ცესკო" ხმებს საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით აჯამებდა თუ საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.
სხდომის პარალელურად, პროტესტი დაიწყო ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს, ხოლო "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებმა ცესკოს შენობასთან სიმბოლურად, ჩალა მიიტანეს იმის აღასანიშნავად, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული.
ცნობისთვის, ჯამში ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 027 საჩივარი არ განიხილა