
სომხეთში პარტია "Айреник"("სამშობლო") -ს ლიდერი არტურ ვანეციანი დააკავეს, ამის შესახებ "ფეისბუქზე" თავდაპირველად ვანეციანის ადვოკატის ლუსინე სააკიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სომხურმა მედიამაც გაავრცელა.
არტურ ვანეციანს ხელისუფლების მიტაცებისა ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდება წაუყენეს. ლუსინე სააკიანი ვანეციანის დაკავებას "სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას" უწოდებს.
აქვე გეტყვით, რომ არტურ ვანეციანი ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორია. მან გადადგომის შესახებ განცხადება 2019 წლის სექტემბერში გააკეთა და ეს იმით ახსნა, რომ ხელისუფლება სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მალევე ის ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ერევანში 11 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციამ ოპოზიციის 20-მდე ლიდერი დააკავა. ისინი ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ხელმოწერას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობის შტურმშიც. მოგვიანებით, მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, სეპარატისტული მოძრაობა "ჯავახქის" ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი.