სამართალდამცველებმა გლდანში, ნიკა მელიას ოფისში საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაასრულეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია დამნაშავეთა რაოდენობა, ვინაობა და ხანძრისგან მიყენებული ზარალის ოდენობა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიქრობენ, რომ ხანძრის მოტივი პოლიტიკურია და მათ სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვთ.
"როგორც ყველა სხვა საქმე რჩება გამოუძიებელი, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. "ქართული ოცნება" ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ნიკა მელიამ გლდანში, არჩევნების პირველ ტურში, დაამარცხა მათი კანდიდატი. გაყალბების მიუხედავად, "ოცნებამ" გლდანში მაინც ვერ მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თორნიკე ბიკაშვილი
"დროა, პირბადეების მაგივრად, ხალხმა იაროს ბრონის ჟილეტებით. ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს დღეს ქვეყანაში. არ აპატიეს ნიკა მელიას გლდანში გამარჯვება - ფაქტი სახეზეა," - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ტრისტან პეტრიაშვილმა.
შტაბის ხელმძღვანელი დასაკითხად პოლიციის უახლოეს განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ოფისს ხანძარი გამთენიისას გაუჩინეს. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი.
შტაბის წევრები ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია.
შეგახსენებთ - არჩევნების პირველ ტურში გლდანის ოლქში ნიკა მელიამ გაიმარჯვა. მან ხმების 43,88% დააგროვა, "ოცნების" კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა კი 42,69%.