იმედი გვაქვს, პომპეო ვიზიტის დროს პროექტს მხარდაჭერას გამოუცხადებს - ანაკლიის კონსორციუმი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტს ელოდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც, რომელიც მაიკ პომპეოსგან ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისადმი მხარდაჭერას ელის. კონსორციუმმა ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცლეა.

"საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება", - წერია განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით "მთავართან" ინტერვიუში ისაუბრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა.

"ჩვენ, ანაკლიის კონსორციუმს იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო მდივანი, პომპეო ისე როგორც 2019 წელს გამოუცხადა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტს წლესაც იგივეს გააკეთებს, ის წარმოაჩენს რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრექტი საქართველოს განვითარებისთვის და სუვერენიტეტისთვის. თუმცა გასულ წელს მისი პოზიცია საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა და ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა", - თქვა ტედ ჯონასმა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო მდივნის სიტყვები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ პოზიცია შეცვალოს პროექტთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. გარდა ამისა,  აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საუბრის მთავარი თემა, თავისუფალი სასამართლო იქნება.

ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი