"კრიმინალური ავტორიტეტები" მელიას უჩივიან - გადამწვარი ოფისი და საერთო ბიზნესი ხელისუფლებასთან

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ოფისთან დღეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან. მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები სამართალდამცველებმა გუშინ ამოიღეს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებულიც არ არის. საგამოძიებო უწყებიდან არავინ დაკავშირებია არც თავად ნიკა მელიას, რომელმაც მის ოფისზე თავდასხმის სავარაუდო დამკვეთის და შემსრულებლის ვინაობა მედიასთან ღიად დაასახელა. 

მელიას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ძმები შუკაკიძეების ადვოკატები და ისინი ენმ-ს ლიდერს ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან. 

ე.წ კანონიერი ქურდის ადვოკატები საარჩევნო პროცესებში მათ ჩართულობასაც უარყოფენ, თუმცა ლევან შუკაკიძის ურთიერთობას კობიაშვილთან არ გამორიცხავენ.

გამოძიება მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით არ დაინტერესდა და არც შუკაკიძე გამოუკითხავთ. 

თავად ლევან შუკაკიძე მეორე დღეა "მთავარის" კამერას ემალება. შუკაკიძის ადგილსამყოფელის შესახებ მისი მეზობლებიც არ საუბრობენ. 

დამნაშავეები არ დასჯილან არც 31 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის დროს. დავით კვიჟინაძე, რომელმაც ერთერთ საარჩევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს იარაღი დაუმიზნა, გავრცელებული ინფორმაციით ასევე ლევან კობიაშვილისა და კახა კალაძის მეგობარია.

მათ კავშირს ადასტურებს საერთო ბიზნესიც. სამშენებლო კომპანიის წილის მფლობელები 2010 წელს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და დავით კვიჟინაძე იყვნენ, თუმცა მოგვიანებით კალაძე და კვიჟინაძე კომპანიას გამოეყვნენ და ახლა ის მხოლოდ კობიაშვილის საკუთრებაშია.

ოპოზიციაში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ და  დარწმუნებულები არიან რომ კალაძე-კობიაშვილის მფარველობის გამო დამნაშავეები არ დაისჯებიან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი