საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია და მხარდამჭერები მდუმარე აქციას მართავენ. ლიდერები, ამბობენ, რომ მსგავსი აქცია საქართველოში არასდროს არ ჩატარებულა და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.
"პროტესტი გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით, მანამ სანამ თვალი თვალს არ გაუსწორდება, ერთი თვალი ოლიგარქის და საზოგადოების. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები მსგავსი აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის გაგრძელდება, დღევანდელი აქციაც გულისხმობს იმას, რასაც ვაკეთებთ პირველი ნოემბრიდან, დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რადგან უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მედიისა იმყოფება თბილისში და ეს აადვილებს ამ აქციების ცხოვრებას, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო დონეზე შენი ხმა უფრო მკაფიოდ ისმის" – თქვა ენმ–ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ პომპეოს სპეციალური განცხადებითაც მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს.
ამ წუთებში თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, ფილარმონიიდან – ოპერამდე მდუმარე აქცია იმართება, მთავარი გზავნილით, რომ არჩევნები გაყალბებულია.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა.