აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დღეს გაბრაზებული მოქალაქეები მდუმარე აქციით დახვდებიან. ცოცხალ ჯაჭვში რეგიონიდან საგანგებოდ ჩამოსული ადამიანებიც ჩადგებიან, რომლებსაც სურთ, სახელმწიფო მდივანს თავიანთი დუმილით უთხრან, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება წაართვა და ისტორიული არჩევნები მოპარა.
დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც და შეეცდებიან, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორს მდუმარე აქციით ქართველი ხალხის ხმა გააგონონ.
ცნობისთვის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი უკვე დაიწყო - ამ წუთებში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრალურ გამზირზე დღეს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. აქციაში მონაწილეობას, შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლების გარდა, სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციიდან საპატრიარქოში გადაინაცვლებს, სადაც ის კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, შეხვდება. მაიკ პომპეო ვიზიტს სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დაასრულებს.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.