"ქართული ოცნების" ლიდერის და გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედს იტოვებენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციას შეცვლის. მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ.
"ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის საჯაროდაც ვლინდება, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ეს პროცესი გაღრმავდება. ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული პროცესები ოპოზიციის შიგნით. დღეს სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სააკაშვილს ორი ძლიერი რესურსი აქვს, ფული და მედია, რომლითაც ის ოპოზიციაზე გარკვეული კონტროლის შენარჩუნებას ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ კობახიძემ ამავე ბრიფინგზე ოპოიზიცას მისი პირობებით დებატებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უარი კაპიტულაციად ჩაითვლება. კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას კლასიკურ დებატებს სთავაზობენ და არა "შოუს". დებატების ექსკლუზივი კი იმ ტელევიზიას ექნება, სადაც ეს შეთავაზება კობახიძემ პირველად გააჟღერა.
დღესვე ამ შეთავაზებას ოპოზიციურმა პარტიებმაც უპასუხეს და აღნიშნეს, რომ დებატები არა "პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის" ეთერში, არამედ ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა გაიმართოს, რათა შეკითხვების დასმის საშუალება განსხვავებული შეხედულების მქონე ჟურნალისტებსაც მიეცეთ.