"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბათუმიდან, ლევან ვარშალომიძე, ამომრჩევლებს მეორე ტურზე არმისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 31 ოქტომბერს უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ადამიანებს არჩევანის უფლება წაართვა და პირველი ტურის მასშტაბური გაყალბების შემდეგ, მეორე ტურის ჩატარებას აზრი ეკარგება.
"არავინ არ მივიდეთ, დავტოვოთ "ქართული ოცნება" მარტო. თვითონ დაწერონ. მოდით, დაველოდოთ, რამდენად იციან არითმეტიკა. მარტო დარჩენილებმა, შეიძლება, პლიუსი და მინუსი ისწავლონ და რაღაც ჯამი გამოიყვანონ, მაგრამ ჩვენ, 31-ში რაც მოხდა, არავინ არ შევეგუებით", - თქვა ლევან ვარშალომიძემ.
ცნობისთვის, "ცესკოს" მონაცემებით, ბათუმში ლევან ვარშალომიძემ ხმათა 37,3% მიიღო.
ბათუმში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, თუმცა, ლევან ვარშალომიძე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მან უმაღლეს საარჩევნო კომისაიში განაცხადი შეიტანა.