ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ქაოსის გამო, ექიმების ნაწილი მინისტრის გადადგომას ითხოვს.
რაც შეეხება შემცვლელის ვინაობას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკატერინე ტიკარაძე, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ამირან გოგიტიძემ ჩაანაცვლოს.
"იყო ინფორმაცია, რომ მთელ მსოფლიოში მეორე ტალღა საკმაოდ რთულად გაივლიდა, აქედან გამომდინარე, ამ 3 თვის განმავლობაში უნდა გადამზადებულიყვნენ, პირველ რიგში, ექიმები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები კოვიდის მიმართულებით და მაშინ რესურსი იქნებოდა საკმარისი. დღევანდელი რესურსი ნამდვილად არ არის საკმარისი, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობენ ექიმები", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ირაკლი გიორგობიანი.
ეკატერინე ტიკარაძის გარდა, ანალიტიკოსები საკოორდინაციო საბჭოს სრული შემადგენლობის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.
"დიდი ხანია, ვაყენებთ საკითხს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ჯანდაცვის უწყების პირველი პირების და, ასევე, საკოორდინაციო საბჭოსი. მათ არათუ ვერ მართეს სიტუაცია, არამედ, სრული უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს იმ კუთხით, რომ 7 თვე არ მოამზადეს სისტემა. თითი თითზე არ დააკარეს, რომ სისტემა მომზადებულიყო. სანაცვლოდ, ვხედავთ კორუფციულ გარიგებას და ბევრი შავი ფულის გაკეთებას კოვიდთან ბრძოლის საფარ ქვეშ", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 531 ადამიანი.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა.
ცნობისთვის,16 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის სრულად ამოწურული იყო საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი. დარჩენილი იყო მხოლოდ 227 თავისუფალი საწოლი და 257 სასუნთქი აპარატი. ამ ფონზე კი, ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან აღარ ჩნდება.