"ლოქდაუნი" უკიდურესი საფეხურია, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს სწორად - ექიმები

გამოქვეყნდა:

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რომ მკაცრ რეგულაციებს ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ექიმები კი, პაციენტებით გადავსებული სტაციონარების ფონზე, დამატებითი რეგულაციების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა, როგორი უნდა იყოს შეზღუდვები, მათი თქმით, ეს სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ.  

"სრული ჩაკეტვა უნდა იყოს მხოლოდ აბსოლუტურად უკიდურესი ღონისძიება და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ პაციენტების ნაკადი შენელდეს და ჰოსპიტლებში არ აღმოჩნდეს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანები ვეღარ დაწვნენ სტაციონარებში. ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე აუცილებელია, დაახლოებით 37%-ს აღწევს, როცა უნდა იყოს 15-20%. სამწუხაროდ, ამ ჰოსპიტალიზაციის გადარჩევის კრიტერიუმების სწორად გადარჩევა ჯერჯერობით სწორად არ მიმდინარეობს", - ამბობს "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ექიმებიც ფიქრობენ, რომ სრული ჩაკეტვა ქვეყანას გაცილებით მეტად დააზიანებს.

"თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მიმართონ დაავადებულებმა პირველად ჯანდაცვის რგოლებს, ოჯახის ექიმს და 112-ს. მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ჰოსპიტალზე დატვირთვა. საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვინც მართლა საჭიროებს კლინიკაში მკურნალობას. ქვეყანას თუ კიდევ გავაჩერებთ, შეიძლება, ეკონომიკამ ისეთი კრახი განიცადოს, რომ მერე უბრალოდ შიმშილის პრობლემა დადგეს. ასეთი გაჩერება საჭირო არ არის და ძნელიც იქნება", - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე. 

ეკონომისტები კი, ფიქრობენ, რომ უმჯობესია, დაწესდეს დამატებითი რეგულაციები, ვიდრე ობიექტები სრულად დაიკეტოს.

"ესეთი შეზღუდვები, ყველაფერს რომ ვკეტავთ, არ იძლევა იმ ეფექტს, იმასთან შედარებით, რა ზიანსაც აყენებს ეკონომიკას. პოლიტიკური პრანჭიაობა მივიღეთ შედეგად, თვითტკბობა "ოცნების" მიერ, რომ ვირუსი დავამრცხეთ ვითომ გაზაფხულზე, ეს ტყუილი აღმოჩნდა", - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამკცრებასთან დაკავშირებით მთავრობას მათთან წინასწარი შეხვედრა არ ჰქონია. მათივე თქმით, ქვეყანაში, ლოქდაუნი ეკონომიკას და ბიზნესს დააზარალებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი