საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიის შესვლის გამო, სამოქალაქო აქტივისტები პარალელს ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმასთან" ავლებენ. სიმბოლურად, ახალგაზრდებმა დღეს გოჭი მიიყვანეს პარლამენტთან, დეპუტატის მანდატით - იმ შენობასთან, სადაც "ქართული ოცნება" შესვლას მარტო აპირებს.
"გოჭი მოვიყვანეთ წიგნის სცენარის მიხედვით, სადაც გოჭი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. წიგნის შინაარსი არის ისეთი, რომ თვითმმართველობის დამყარებას ცდილობენ ცხოველები, რომლებმაც ადამიანები გააგდეს ფერმიდან. ბიძინა ივანიშვილის სახით, მოვიყვანეთ გოჭი და თავის სამსახურში დავაყენეთ და უნდა შევუშვათ", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
აქტივისტების თქმით, გოჭი ისევე, როგორც ერთპარტიული პარლამენტი, კომუნიზმის სიმბოლოა.
"როგორც ხედავთ, გოჭი მოვიყვანეთ ყელსაბამით. ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როცა წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში, ამიტომ ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, ქოცური პარლამენტი", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნოზაძე.
გვიან ღამით კი, თბილისის ქუჩებში ნამგლისა და უროს გამოსახულებით სტენსილები გამოჩნდა.
ნამგლისა და უროს ჩვენებით სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, საზოგადოებისთვის ის მძიმე რეალობა ეჩვენებინათ, რაც "ოცნებამ" არჩევნების გაყალბებით და ხელისუფლების მიტაცებით ქვეყანაში შექმნა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, შესაძლოა, საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს.