ხვალ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, აშშ–ის და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს.
შეხვედრა აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, დახურულ კარს მიღმა შედგება.
მოლაპარაკების შედეგად, ცნობილი გახდება წავა თუ არა დათმობაზე მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში შეყვანაზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს და ამბობს, რომ გამოსავალი ოპოზიციასა და საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შესთავაზოს.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით, ოპოზიცია დღეს "ლელოს" ოფისში შეიკრიბა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ კომპრომისზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი წინადადება არ ჰქონიათ და მთავარია რა წინადადებით წარსდგება ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა.
ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შესაძლოა პარლამენტი ერთპარტიული იყოს.