ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლების, აგიტატორებისა და კოორდინატორების თვითიზოლაციაში გადასვლას გულისხმობს. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის გუნდი კიდევ ეთხელ აპირებს პანდემიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და შეეცდება ახალი რეგულაციებით სახალხო პროტესტი გაანელოს.
ამ თემაზე დღეს, 27 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ლელოს" ოფისში იმსჯელებენ. განსახილველ საკითხად რჩება დეკემბრის პირველ ნახევარში ჩასატარებელი აქცია, რომელიც პარლამენტთან, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის დღეს უნდა გაიმართოს.
"თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება ძალიან ცდება. ეს ლოქდაუნი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენ მოსახლეობას, ასე რომ, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, მათ შორის როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი ლოქდაუნის გამოცხადება პოლიტიკური პროცესების შეჩერების მცდელობა უფროა, ვიდრე პანდემიის.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მასშტაბური აქციები დღის წესრიგშია, თუმცა გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს, 27 ნოემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გამართულიყო. თუმცა, შეხვედრა არ შედგება.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: