შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ 6 იანვარს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა - "არა-ფობიას"

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ საქართველოში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოხატულებაა.

"სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას” მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას) , ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად არ განიხილავს.

"ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო ამწვავებს უსამართლობის განცდას", - ამბობენ სამოქალაქო პლატფორმის წევრები. 

სამოქალაქო პლატფორმაში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებენ.

"გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

აქვე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი