ერთპარტიული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ უკვე შეათანხმა ის სამოქმედო გეგმა, რომელითაც "ოცნებას" ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს უპასუხებს. 

ყველა ოპოზიციური პარტია მეტეხთან შეიკრიბება და შეთანხმების სამ მემორანდუმს მოაწერს ხელს- ოპონენტები ოლიგარქს უარს ეტყვიან პარლამენტში შესვლაზე, საპარლამენტო მანდატებზე და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

თავდაპირველად ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეპიდვითარებამ ეს გეგმები შეცვალა.

ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მესამე რაუნდი შედგება, ის რაიმე შედეგით დასრულდება და ბიძინა ივანიშვილი რაიმე დათმობაზე წავა. თუმცა ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება "ოცნებას" გაზაფხულზე მაინც მოუწევს. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი როდის გაიმართება მესამე რაუნდი, ელჩების შუამავლობით, სადაც "ოცნების" ხელისუფლებას არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 1 თვეა სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად თვლის.

არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს და ამის ოფიციალურად გაფორმებას სიების განულებით გეგმავს, რომელსაც თავის პროცედურები აქვს.

ბარიერგადალახული პარტიების თავმჯდომარეები მიმართავენ ცესკო-ს იმისათვის, რომ მათი პროპორციული სია მთლიანად გაუქმდეს,  რათა სიაში მყოფმა რომელიმე პირმა, ადგილმონაცვლემ, ვერ შეძლოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.

ოპოზიციის ბოიკოტის შედეგად, საქართველო იქნება მერვე ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი