ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის ვაქცინის 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 პირს გამოუვლინდა, პლაცებოს ჯგუფში კი 185 ადამიანს. Moderna-ს შეფასებით, ეს 94,1%-იანი ეფექტიანობაა - გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაქცინების მრავალი ექსპერტი პროგნოზირებდა.
თუმცა ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ Moderna-ს ვაქცინის კანდიდატი დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტურობით მოქმედებს. დატესტილ მოხალისეთა შორის კორონავირუსის გართულებული შემთხვევა საერთოდ არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, mRNA ვაქცინის შესაქმნელად Moderna-მ თავდაპირველ ეტაპზე $1 მილიარდი მიიღო აშშ-ის ხელისუფლებისგან, მოგვიანებით კი - მაისში - სხვადასხვა ინვესტორისგან ჯამში $1.3 მილიარდი.
აქვე გეტყვით, რომ ცნობილია ვაქცინის კანდიდატის სავარაუდო ღირებულებაც - Moderna-ს ვაქცინა განვითარებული ქვეყნებისთვის $32-37 ეღირება, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის კი უფრო იაფი იქნება.
"გვინდა, ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის", - ამბობს Moderna-ს ხელმძღვანელი, დევიდ ბანსელი.
Moderna იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 20 მილიონ დოზას მიაწვდის. თავის მხრივ, Pfizer შტატებისა და სხვა ქვეყნების 50 მილიონი დოზით უზრუნველყოფას გეგმავს.
სასურველი საბოლოო შედეგების შემდეგ, Moderna-მ აშშ-ის მარეგულირებელს ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვით უკვე მიმართა.
აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს კორონავირუსის ვაქცინა ორგანიზმში.