ინტერპოლი მსოფლიოს ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები COVID-19-ის ყალბი ვაქცინებით ვაჭრობას ან ნამდვილი ვაქცინების მოპარვას შეეცდებიან.
ამის შესახებ გაფრთხილება ინტერპოლისგან უკვე 194 სახელმწიფოს გაეგზავნა.
"მთავრობები ვაქცინების მისაღებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები კი, მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და პროცესის შეფერხებას გეგმავენ. ასევე, კრიმინალური ქსელები საზოგადოების წევრებისთვის ყალბი ვებგვერდებისა და ცრუ სამკურნალო საშუალებების შეთავაზებას ისახავენ მიზნად, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლესაც კი”,- თქვა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ სტოკმა.
COVID-19-თან დაკავშირებული თაღლითობის ფონზე, ინტერპოლი, ასევე, საზოგადოების წევრებს ურჩევს , განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამედიცინო აღჭურვილობის ან მედიკამენტების შეძენას ონლაინ პლატფორმებზე.
ინტერპოლის კიბერდანაშაულის განყოფილების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ონლაინ აფთიაქებთან დაკავშირებული 3 000 ვებგვერდი უკანონო მედიკამენტების და სამედიცინო მოწყობილობების გაყიდვაშია ეჭვმიტანილი. აქედან კი, დაახლოებით 1 700 ვებგვერდი კიბერსაფრთხეებს, განსაკუთრებით "ფიშინგისა" და "სპამინგის" მავნე პროგრამებს შეიცავდა.
შეგახსენებთ, რომ ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის ვაქცინის 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა.
Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის გამწვავებისგან ცდისპირთა 100% დაიცვა.