პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს.
გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც: " ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა".
"შეიძლება ემზადება იმისთვს, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა, ეს არის ნაცვლიშვილის ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა მორიგი. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს, ახლა მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ისიც დააკავონ.
"იქ ნახეთ, შეხედავიდით, რომ სმაილიკებით არიან და ეგენი ერთმანეთში სულ ხუმრობდნენ. როგორ შეიძლება ეს გამოიყენო, რა უწერია, ოჯახს გაგინადგურებთ თუ რა, არ ვიცი ეს როგორ უნდა გამოიყენონ და ამის საფუძველზე როგორ ჰყავთ დაკავებული ორივენი მე არ ვიცი. პოლიტიკური სარჩული აქვს ჩემს მეუღლეს, იცით, ის გამოვიდა "მთავარის" ეთერში და ამის შემდეგ ალბათ ის ამოიღეს სამუზნეში, რომ გაეჩუმებინათ და სიმართლე არ ეთქვა", - თქვა აკაკი ხუსკივაძის ცოლმა, ნათია მეტონიძემ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.