პროკურატურა ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ - ოპოზიციის ლიდერი, შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს  პროკურატურის მეშვეობით აშანტაჟებს - ასე გამოხმაურნენ ოპოზიციის ლიდერები პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ მტკიცებულებებს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმესთან ხატია დეკანოიძის დაკავშირებაა.

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ოფისში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტების დისკრედიტაციას ძალოვანი უწყებების საშუალებით ცდილობს, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხ პირთა სიაში ხატია დეკანოიძეც აღმოჩნდეს.

"ხელისუფლება არ ისვენებს, განაგრძობს პოლიტიკური ლიდერების მიმართ შანტაჟის ენით საუბარს. სწორედ ამას ემსახურებოდა პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ახლა უნდათ, ხატია დეკანოიძე დააყენონ სამართლებრივი დარტყმის ქვეშ. მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური ლიდერის მიმართ გადაწყვეტენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ ან იმ ადამიანების საქმეები კვლავ დააბრუნონ წარმოებაში, ვინც დევნის მსხვერპლი დიდი ხანია, არიან, ამით არაფერი არ შეიცვლება, პირიქით, უფრო დამძიმდება "ქართული ოცნების" მდგომარეობა", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ამ საქმეზე საუბარს დღეს თავი აარიდა და არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვაში ოპოზიცია დაადანაშაულა. 

შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ს წევრი ხატია დეკანოიძე ისნის საოლქო კომისიის წევრების დაკავების საქმეზე, პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი გვარი სუს-ის ოდეერის, ზაალიშვილის ჩვენებაშია ნახსენები და ეს საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი (რომელსაც ხატია დეკანოიძე სუს-ის ოდეერად მოიხსენიებს), ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი