"წითელი ხაზები" ოპოზიციისა და "ოცნებისთვის" - მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება.

ოპოზიციის ლიდერები დღეს ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდნენ და წერილობით საკუთარი მოთხოვნები გადასცეს. როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ისინი რიგგარეშე არჩევნებს, "ცესკოს" ადმინისტრაციის ცვლილებას და პოლიტმატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მმართველი პარტიის ლიდერები კი, ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" რიგგარეშე არჩევნების ჩატარება წითელი ხაზია. პარტიის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ განიხილავს და მეათე მოწვევის პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. 

ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის კი, რიგგარეშე არჩევნები მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. ისინი ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს. ელჩი ოპოზიციის ერთიანობასაც მიესალმა და თქვა, რომ მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციები გასული 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ელჩებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მესამე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრად იყო მიჩნეული.

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი