
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე, ამბობს, რომ პარტიის გაყოფის გადაწყვეტილება არა წინასწარ მოფიქრებული, არამედ, სპონტანური იყო. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ახლა ზურა ჯაფარიძემ უნდა აიღოს.
"ის, რაც ეხლა ხდება, დიდწილად არის ზურა ჯაფარიძის დამსახურება, კარგ კონტექსტშიც და ცუდ კონტექსტშიც და მასზეა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პარტიაშიც და მხარდამჭერებთანაც, რომ ეს სიტუაცია, რაც შეიძლება, დროულად იქნას დალაგებული და "გირჩმა" გააგრძელოს თავისი საქმიანობა", - ამბობს გოგა ხაჩიძე.
თუმცა, ამასთან, გოგა ხაჩიძე ადასტურებს, რომ პარტიის შიგნით გარკვეულ უთანხმოებას ადგილი ჰქონდა.
"მეგრელიშვილი ამბობს, რომ 1 წელი ზურა ჯაფარიძე ხმას არ სცემდა. ასევე, ამბობს, რომ მოთხოვნაში იყო ისიც, რომ ადამიანებს ნორმალურად ელაპარაკეთ და მოწევას თავი დაანებეთო. იაგო ხვიჩიამ პოსტი დაწერა ამ დღეებში, სადაც ჩამოთვალა ის რამდენიმე ამბავი, სადაც, მისი აზრით, და ვეთანხმები, რომ უსამართლოდ მოხვდა ტალახი", - თქვა გოგა ხაჩიძემ.
ამასთან, "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ პარტია არ ეკუთვნის არც ზურას, ვახოს ან იაგოს, არამედ ეკუთვნის მის მხარდამჭერებს, რომლებმაც პარტიის წინა ყრილობის მსგავსად, "გირჩის" გაყოფასთან და ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
"სათქმელი მოდის იქიდან, რომ "გირჩს" ცოტა ხნის წინ 55 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ამ კორონიან ქვეყანაში. ამ ადამიანებიდან მაქსიმუმი შეიძლება იყოს 4 000 ადამიანი, რომელიც 100%-ით იზიარებს "გირჩის" შეხედულებებს ან იცნობს საერთოდ მათ. დანარჩენი არის ემოცია, იმედი, რომელიც რაღაც საინტერესო პარტიის გამოჩენას უკავშირდება, დანარჩენი არის სიახლე, ნდობა, ნაცნობობა, თხოვნა, მეგობრობა და ა.შ. ის 4 მანდატი, რომელიც "გირჩმა" მიიღო, აი, ასეთი რამეებისგან შედგება. 100%-ით "გირჩის" იდეების გამიზარებელმა ხალხმა კი არ შექმნა ის მანდატები, არამედ ამ ხალხმა შექმნა", - ამბობს გოგა ხაჩიძე.
ამასთან, გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ "გირჩის" გაყოფის მიზეზი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
ამ განცხადებიდან მალევე, ტორესა მოსიმ, "გირჩი" დატოვა და ის პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩიდან მიდის.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს სთავაზობს, რომ სახელი "გირჩი" და პარტიის Facebook გვერდი მას დარჩეს, სხვა დანარჩენი კი გაყოფის შემდეგ მოერე ნაწილს.