გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი მის გათავისუფლებას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს. ბებუას ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს და ამის გამო არ გამორიცხავენ, რომ იზოლატორში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.
ოჯახის ინფორმაციით, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დაკავებული ბებუა წითელმა ჯვარმა უკვე მოინახულა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მათ ჰქონიათ.
"რამდენიმე დრის წინ წითელმა ჯვარმა შეძლო ირაკლისთან შესვლა და მისი მონახულება. მათი თქმით ირაკლის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა რა თქმა უნდა, სამედიცინო შემოწმების უფლება არ აქვთ. ირაკლიმ ასევე შეძლო ჩვენთვის წერილის გამოგზავნა, ვიმედოვნებთ, რომ ირაკლი დროულად იქნება საქართველოს ტერიოტრიაზე გადმოყვანილი", - ამბობს თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის აღიარებს , რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარები დაკავებისას ჩაუდეს.
ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს ოკუპირებულ გალში, ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მას 30 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.