ენმ-ის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი ამბნობს, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებათა მაგიდა ააყირავა. ამის შესახებ უდუმაშვილმა განცხადება "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ დღეს ყველაფერს ხაზი გადაუსვა და მოლაპარაკებათა მაგიდა თვითონ ააყირავა. როგორ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებაზე ადამიანებთან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ პარტიას რეგიტრაციას მოუხსნიან? ჩვენ ალბათ, წავალთ მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს მაგიდის აყირავება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდა უკვე აყირავებულია.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი "სუფთა რუსულ საბჭოთა კრიმინალურ სტილში" ჩაატარა.
დღეს ეს ბრიფინგი იყო სუფთა რუსულ სტილში ჩატარებული, როცა ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ მოდით, და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ გაგანადგურებთ, თუ არ მომელაპარაკებით. ეს არის ივანიშვილის სტილი, ასეთ საუბარსაა ის მიჩვეული რუსეთში, მან არ იცის, დასავლეთში როგორ ტარდება მოლაპარაკებები, ამიტომ ის შეეცდება, შანტაჟით გავიდეს იოლას მასთან, ვისაც ფულით ვერ იყიდის, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას "რადიკალური" უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი საბოტაჟია. კობახიძემ ოპოზიციის ცნობილ მოთხოვნებს "ულტიმატუმები" უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერი ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებითაც დაემუქრა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე, ახსენა "მთავარი არხი" და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.