
ისნის საოლქო კომისიის წევრი აკაკი კობალაძე, რომელიც სასმართლომ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ამბობს, რომ სამართლებრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, დღეს არ აქვს შესაძლებლობა გარდაცვლილი მეგობრის, თედო გობეჯიშვილის ოჯახს მიუსამძიმროს.
"ჩვენ ჩვენი მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, გზა მოგვიჭრეს, რომ მივიდეთ და თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მათთან მიახლოების უფლება, ის არის დაზარალებულები, ჩვენ ვართ ბრალდებულები ამ საქმეზე და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ოჯახს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ჩვენგან ამის გაკეთება, მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს, ყველაფერი მართლაც ამ სტუდიიდან დაიწყო." –ამბობს კობალაძე გადაცემაში "დღის სტუმარი"
კობალაძე, რომელიც საქართველოს მე–10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის სხდომამდე, ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს, ფიქრობს, რომ პარლამენტს ჭირდება არა მარტო იურიდიული და სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაცია.
" როდესაც ქვეყანა ვერ იღებს ბიუჯეტს, პოლიტიკურ კრიზისად ირაცხება პარლამენტი უნდა დაიშალოს და ხელახალი არჩევნები შედგეს, ჩვენ კი ვიღებთ პარლამენტში მხოლოდ ერთ ფრაქციას, ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურას". – ამბობს აკაკი კობალაძე.
გუშინ, 10 დეკემბერს, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე-ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის პირველი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, დააკავეს და თედო გობეჯიშვილისთვის, ქრთამის შეთავაზება, ჯგუფურად ჩადენილი იძულება და მუქარა დააბრალეს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს.