
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს საზოგადოების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტის "ფეისბუქ" გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლება შეინიშნება.
ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისადმი გამოხატული შეურაცხყოფა იმის მანიშნებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთპარტიული პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური ,,ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მას, დაახლოებით, ნახევარსაათიანი სიტყვა ჰქონდა, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში კომუნიზმი დასრულდა და დროა "მოჯადოებული წრე" გავარღვიოთ.
პრეზიდენტი შეეხო ოპოზიციის ბოკოტსაც და თქვა, რომ წუხს, რადგან პარლამენტში ნაწილმა გარეთ დარჩენა ამჯობინა.
მისივე აზრით, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტს, პარლამენტს, სასამართლოს, პოლიციას, ჯარსა და ეკლესიას თავს ესხმიან. მისი აზრით, ეკლესიასა და პატრიარქსე დისკრედიტაცია სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება.
ზურაბიშვილმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპანტ რუსეთზეც. მისი აზრით, უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი რამის აღიარებას არ ნიშნავს და დიპლომატიის ხელიდან გაშვებით, მათ შორის რუსეთთანაც კი, ბერკეტს ხელიდან ვუშვებთ.
პრეზიდენტმა სიტყვის დაწყებიდან 2 წუთში სიტყვა "დაღლა" 4-ჯერ ახსენა.