ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები შეცვალა - ოპოზიციას "ოცნების" ზეწოლაზე კითხვები აქვს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები შეცვალა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. 

ამის შემდეგ, ორგანიზაციამ პროცენტული მაჩვენებლები შეცვალა, მათ მიერ განახლებულ მონაცემებში "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა; შეიცვალა სხვა პარტიების შედეგებიც: პირველადი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას - 26.4% ჰქონდა, ახლა კი - 27.4% აქვს; ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის - პირველადი მონაცემებით - 3.7%, შესწორებულით - 3.8%. 

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

ISFED-ს "მთავარი არხისთვის" კითხვებზე და სატელეფონო ზარებზე არ უპასუხია.

"როგორ გაიგო კობახიძემ მდინარაძემ და ქართულმა ოცნებამ 1%-იანი ცდომილების შესახებ მანამდე, სანამ ამაზე ორგანიზაცია საჯაროდ გააკეთებდა განცხადებას და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს წინადადება შეეცურებინათ ოპოზიციისთვის და ელჩებისთვის. ეს არის საგანგაშო, ჩემთვის ეს ფარული მყურადების, თვალთვალის, მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი", - ამბობს, ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ამაზე ნორმალურ ქვეყანაში გამოძიება დაიწყებოდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დროში ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა ხელისუფლების განცხადებას 1%-იან ცდომილებაზე.

"სულ მცირე კითხვებს ბადებს, მითუმეტეს რომ იყო შეხვედრა ISFED-სა და ხელისუფლების წევრებს შორის. ჩვენი განცხადებები, ჩვენი კითხვები, როგორც ოპოზიციის, საზოგადოების, სხვა არასამთავრობოების არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მხოლოდ ISFED-ის განცხადებებზე არ იყო დამყარებული", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი