პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, ცვლილება ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში მოწმობს, რომ "ცესკოს და თამარ ჟვანიას არაფერი გაუფუჭებიათ"; ამ ფონზე კობახიძე ოპოზიციას დებატებს სთავაზობს.
"ხმების პარალელური დათვლის (PVT)-ის მონაცემების გადამოწმება და ხარვეზის დაფიქსირება მოწმობს, რომ სულ მცირე თამარ ჟვანიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება ე.წ.კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას, ამასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ [ოპოზიციას] დებატები და ყველა მათ ბრალდებას გაეცემა ისეთივე მკაფიო და მძიმე პასუხი, როგორც გავეცით მძიმე პასუხი PVT-სთან დაკავშირებულ სპეკულაციებს", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.