"სამართლიანი არჩევნების" "მათემატიკურ ფორმულაში" არსებულ შეცდომას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორი ფიქრობს, რომ განახლებული მონაცემები და ხარვეზი არა მხოლოდ "სამართლიან არჩევნებს" არამედ, მთელ სექტორს აზიანებს.
"ბათილად ცნობილი ბიულეტენებიც დავთვალეთო. ოქმების საფუძველზე თუ ითვლი, ბუნებრივია, ყველაფერს ითვლი შესაბამისად, ბათილად ცნობილი ბიულეტენების დათვლა-არდათვლა სუბიექტებზე როგორ გავლენას იქონიებს. თუ, მიათვალეს სუბიექტებს? თუ მიათვალეს, მაშინ ეს მათ პროფესიონალიზმზე ნეგატიურად აისახება. მათ ნამდვილად უნდა იცოდნენ, სად მიათვალონ და მიათვალონ თუ არა საერთოდ ბათილად ცნობილი ბიულეტენები. ფაქტია, ეს შემთხვევა დღეს კარგად გამოიყენა მმართველმა ძალამ იმიტომ, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესი ახალი ფორმით გაიშალა", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფაშვილი.
კოლეგებს შეცდომის ღიად და საჯაროდ აღიარებას უწონებენ, თუმცა მათ ნაწილს არ სჯერა, რომ ხარვეზი დათვლისას შემთხვევით გაიპარა.
"სამართლიანი არჩევნების", ის არგუმენტი, რომ სისტემამ ბათილი ბიულეტენები მიათვალა, ან კონკრეტულმა ადამიანებმა დაუშვეს შეცდომა, არის აბსურდი, ტყუილი. თუ ამ დონის დილეტანტი და დაბალი პროფესიონალები მუშაობენ ამ ორგანიზაციაში, გამოდის, კრიმინალს უთანაბრდება და 25-წლიანი ისტორია აქვს, ხომ? და მგონია, ეს პირდაპირ უკავშირდება "ქართული ოცნების" ნარატივს", - ამბობს "20/20"-ის დამკვირვებელი, გიორგი მუმლაძე.
შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;
ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი