"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში (PVT) ხარვეზის შესახებ იცოდა. გიგი უგულავა იმ კონფლიქტის შესახებაც ყვება, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბოლო შეხვედრაზე დავით ბაქრაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა და სწორედ "სამართლიანი არჩევნების" PVT-ს ეხებოდა.
"კობახიძემ ჩაიხვია ბოლო შეხვედრაზე, დაიწყო ყეყეჩობა, მოდით ეხლა ISFED-ის PVT ავიღოთ, ერთად გადავთვალოთ და თუ რამე ცვლილება იქნება, არჩევნებს ჩავატარებთ. და ეს კინტო ავარდა და იმის მერეა, სამი დღეა ილანძღება. ბაქრაძემ უთხრა, დაჯექი ბიჭო, მახეა, მახე. და მოგვიწია ამ კაცის გაჩერება იმიტომ, რომ უნდა გაარკვიო ჯერ, ფაქტია, მახე იყო. ამის მერე ჩვენ ოპოზიციაში ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ აშკარად ჩანდა, რომ რაღაცას გეგმავდნენ. არ დაგიმალავთ, მე არ ვიცნობდი ელენე ნიჟარაძეს, მაგრამ ვთხოვე შეხვედრას და შევხდი ერთადერთი მიზნისთვის. ვუთხარი, ქალბატონო ელენე, რაღაცას ამზადებენ, რასაც ვერ ვხვდები. 40 დღე გავიდა და საეჭვოდ მომეჩვენა. ხაზი მინდა გავუსვა, არც ერთ პოლიტიკურ ძალას გაყალბების დასტურად PVT არ მოუტანია. ISFED-ს აგინებდა მთელი 40 დღე "ქართული ოცნება" და ეხლა როგორც უნდათ, ატრიალებენ. მე ელენეს ვუთხარი, რაღაც ხდება თქვენს თავს-თქო იმიტომ, რომ ის ყეყეჩი ღლაპი შეხვედრაზე არაადეკვატურად პედალირებდა... ელჩებიც უხერხულად იყვნენ შეხვედრაზე, ხვდებოდნენ, რომ რა შუაშია ეს,", - ამბობს გიგი უგულავა.
გიგი უგულავას თქმით, ირაკლი კობახიძემ ISFED-ის ფორმულაში ხარვეზის არსებობის შესახებ ერთი კვირით ადრე იცოდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ ალგორითმში რაღაც მანიპულაცია მოხდა.
"ერთი კვირით ადრე საიდან იცოდა კობახიძემ, რა დასკვნა დაიდებოდა? როცა თვითონ ელენე ნიჟარიძემ არ იცოდა დასკვნის შედეგი? იმიტომ, რომ მანიპულაცია იქ არის, ალგორითმი, სოფტით ხდება ეს და შეაღწიეს, როგორც ჩანს, იმამაძაღლეს და გაგულისებული და ცოტა ჯანზე მოსული კობახიძე ცდილობდა, ეს თემა შემოეტენა.
ფაქტია, რომ ეს არის რაღაცა იდიოტურად დაგეგმილი სპეცოპერაცია სუს-ის ჰაკერების და მომსმენების საშუალებით და დაგეგმეს, უბრალოდ, იმდენად იდიოტები არიან, რომ ნორმალურად ვერ შეასრულეს და ენა გაუვარდათ წინ. იმდენად ანთებული იყო და ეტყობოდა კობახიძეს, რომ ჟულიკობდა რაღაცას, რომ გავაფრთხილე ნიჟარაძე, რაღაცა მწიფდება თქვენს თავს-მეთქი", - ამბობს გიგი უგულავა.
ამასთან, მისი თქმით, PVT საარჩევნო ბიულეტენებს არ ითვლის, არამედ ითვლის ოქმებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ გადაწერეს ასევე, PVT არ ითვლის არჩევნებზე მოსყიდვის, კარუსელების შემთხვევებსაც.
შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;
ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.