ოპოზიციის შეფასებით, თავდასხმა ISFED-სა და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორზე "ოცნებას" ცუდად დაუმთავრდება და ეს ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის თქმით "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა საკუთარი ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და რადიკალური ოპოზიციის მიერ ქვეყანაში კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი.
ირაკლი კობახიძე მოითხოვს, ISFED-მა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა.
აქვე - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".