ხელისუფლება ამბობს, რომ ნიკა გვარამია საქართველოში "რუსულ საქმეს" აკეთებს და მის მიერ დიპლომატიური კორპუსის მიმართ გაჟღერებული განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობაა.
"დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცია მისი პარტიული რუპორი ტელევიზიების საშუალებით ახორციელებენ უღირს საქციელს, რასაც ჰქვია დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა. რეალურად, აჩენენ საკუთარ სახეს, რომ ეს ვითომ პროდასავლური ოპოზიცია სწორედ რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში. ამ მიდგომას, რომელიც გვარამიას და "ენმ"-ის მხრიდან ისმის დიპ.კორპუსის მისამართით, მხოლოდ ეს ახსნა შეიძლება მოეძებნოს", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ნიკა გვარამია უკვე წლებია, ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის ის ყველაზე მიუღებელი ოპონენტია.
"ნიკა გვარამია რუსთავი2-დან მოყოლებული დაუღალავად ებრძვის ამ რეჟიმს, ებრძვის სამართლიანად, სააშაკარაოზე გამოაქვს მათი ორუფციული სქემები, მათი უნიათობა, მათ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება. ნიკა გვარამიას გარდა რამდენი ჩვენი თანამოაზრე და ოპოზიციის წევრი ყოფილა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ყველა ნაწილში მათ არ აძლევს წყნარად ცხოვრების და ამ ქოციზმის საბოლოოდ ჩაბეტონების უფლებას. ამიტომ, ის არ მოსწონთ, ნერვებს უშლით, ცდილობენ, მოიცილონ", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პეტრე ცისკარიშვილი.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ ირჩევენ დუმილს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები, როცა საქმე ძალადობას, მუქარას, შანტაჟს და, რაც მთავარია, არჩევნების გაყალბებას ეხება. ნიკა გვარამიას თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არ იცნობენ ივანიშვილის რეჟიმს და ვერ ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც ამბობს, შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.