ქვეყანაში "მოსულა" მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა ტიტუშკებით – აქცია თელავში

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან თელავში სამოქალაქო აქტივისტები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 2 დღის წინ მათზე ძალადობას და "ოცნების" მხრიდან მუქარას აპროტესტებენ. 

ხმაური იყო თელავის მერიის შესასვლელში. სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თელავის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევდა.

თელავის მერიიდან აქტივისტებმა მსვლელობით პროტესტი თელავის პოლიციის სამმართველომდე განაგრძეს.

"ქვეყანაში დაშვებულია და მოსულია მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა ტიტუშკების მხრიდან და თითოეული ტიტუშკა არის ის ადმინისტრაციული რესური, რომელიც წურბელასავითაა მიწეპებული აღმასრულებელ ხელისფულებაზე და იკვებება ჩვენი გადახდილი გადასახადებით", – თელავში აქტივისტები აქციაზე ასეთ განცხადებებს აჟღერებენ.

აქტივისტები ითხოვენ, თითოეული ადამიანი, ვინც მათზე ძალადობაში მონაწილეობდა, კანონის მიხედვით დაისაჯოს.

ცნობისთვის, გუშინ, თელავში აქტივისტებს კარვის დანგრევით დაემუქრნენ – კონფლიქტი იყო ქალაქის თეატრთან.

კონფლიქტში მონაწილეებს შორის, თელავში ნადიკვარის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მფლობელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ლადო საყვარელიძეც იყო, რომელმაც "მთავართან" თქვა, რომ აქტივისტებს მხოლოდ შენიშვნა მისცა, რადგან ერთერთის ფეისბუქის სტატუსი არ მოეწონა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი